რა არის ათი მცნება?


შეკითხვა: რა არის ათი მცნება?

პასუხი:
ათი მცნება არის ბიბლიის ათი კანონი, რომელიც ღმერთმა ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ მალევე მისცა ისრაელს. ათი მცნება მოკლე გადმოცემაა იმ 613 მცნებისა, რომელსაც ძველი აღქმის რჯული შეიცავს. პირველი ოთხი მცნება ღმერთთან ურთიერთობას ეხება, ბოლო ექვსი კი – ერთმანეთთან ურთიერთობას. ათი მცნება მოცემულია ბიბლიაში, გამოსვლის 20:1-17-სა და მეორე რჯულის 5:6-21-ში, და მოიცავს შემდეგს:

1) „არ იყოლიო სხვა ღმერთები ჩემს გარდა" – ეს მცნება გვიკრძალავს სხვა „ღმერთის" თაყვანისცემას, გარდა ერთი ღმერთისა. ყველა დანარჩენი ცრუ ღმერთია.

2) „არ გაიკეთო კერპი და არც რაიმე ხატება იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ. თაყვანი არ სცე მათ და არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, ღმერთი შურისმგებელი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეთა მესამე და მეოთხე თაობას, და წყალობის მყოფელი ჩემს მოყვარულთა და ჩემი მცნებების დამცველთა მრავალ ათასეულ თაობებისათვის". ეს მცნება გვიკრძალავს კერპის შექმნას, რომელიც ვიზუალურად ჰგავს ღმერთს. შეუძლებელია რაიმე სურათის შექმნა, რომელიც ზუსტად გადმოსცემს ღმერთის არსს. კერპის დამზადება ღმერთის წარმოსადგენად ცრუ ღმერთის თაყვანისცემას ნიშნავს.

3) „არ წარმოთქვა უფლის, შენი ღმერთის, სახელი ამაოდ, რამეთუ უფალი დაუსჯელს არ დატოვებს მას, ვინც მის სახელს ამაოდ ახსენებს." ეს მცნება ეწინააღმდეგება ღმერთის სახელის ამაოდ წარმოთქმას. ჩვენ ზედაპირულად არ უნდა მოვეკიდოთ ღმერთის სახელს. ღმერთის წინაშე უნდა გამოვიჩინოთ მოწიწება და მისი სახელი მხოლოდ პატივისცემითა და ღირსეულად ვახსენოთ.

4) „დაიცავი შაბათის დღე, რათა წმიდაჰყო იგი. ექვსი დღე იმუშავე და აკეთე ყველა შენი საქმე, ხოლო მეშვიდე დღე უფლის, შენი ღმერთის, შაბათია. არა საქმე არ აკეთო არც შენ, არც შენმა ძემ, არც შენმა ასულმა, არც შენმა მსახურმა, არც შენმა მხევალმა, არც შენმა პირუტყვმა, არც შენმა ხიზანმა, რომელიც შენთან ცხოვრობს. რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, ზღვა და ყოველი, რაც მასშია, მეშვიდე დღეს კი შეისვენა. ამისათვის აკურთხა უფალმა შაბათი დღე და წმიდაჰყო იგი." ეს მცნება აკურთხებს „წმინდა შაბათის" დღეს (ჩვენთვის კვირის ბოლო დღეს), როგორც ღმერთის დასვენების დღეს.

5) „პატივი ეცი მამაშენსა და დედაშენს, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი". ეს მცნება გვასწავლის მშობლებისადმი გამუდმებულ პატივისცემას.

6) „არა კლა." ეს მცნება გვიკრძალავს სხვა ადამიანის განზრახ მკვლელობას.

7) „არ იმრუშო". ეს მცნება კრძალავს სქესობრივ ურთიერთობებს სხვასთან, გარდა მეუღლისა.

8) „არ იქურდო". ეს მცნება გვიკრძალავს ავიღოთ რაიმე, რაც არ გვეკუთვნის, მესაკუთრის თანხმობის გარეშე.

9) „არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი მოყვასის წინააღმდეგ". ეს მცნება გვიკრძალავს სხვა ადამიანის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემას. არსებითად ეს მცნება ტყუილის წინააღმდეგაა.

10) „არ ისურვო შენი მოყვასის სახლი, არ ისურვო შენი მოყვასის ცოლი, არც მისი მსახური, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი და არც არაფერი, რაც შენი მოყვასისაა." ეს მცნება გვიკრძალავს ნებისმიერი რამის ქონის სურვილს, რაც ჩვენი არ არის. სიხარბემ შეიძლება ერთ-ერთი ზემოთქმული მცნების დარღვევისკენ გვიბიძგოს: მკვლელობისკენ, მრუშობისკენ და ქურდობისკენ. თუკი ცუდია რაღაცის არასწორად კეთება, ასევე ცუდია იმავეს კეთების სურვილის ქონაც.

ბევრი ადამიანი შეცდომით ფიქრობს, რომ ათი მცნების დაცვით ზეცაში მოხვდება. პირიქით, ათი მცნების მიზანია, ადამიანებმა გაიაზრონ, რომ მათ არ შეუძლიათ სრულად დაიცვან რჯული (რომაელთა 7:7-11), და ამიტომაც სჭირდებათ ღმერთის მოწყალება და მადლი. მიუხედავად ახალგაზრდა მდიდარი მმართველის განცხადებისა მათეს სახარების 19:16-ში, ათ მცნებას სრულიად ვერავინ დაიცავს (ეკლესიასტე 7:20). ათი მცნება ფარდას ხდის – ჩვენ ყველანი ცოდვილები ვართ (რომაელთა 3:13) და ამიტომაც გვჭირდება ღმერთის წყალობა და მადლი, რაც მხოლოდ იესო ქრისტეს რწმენით მოგვეცემა.

English


დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე
რა არის ათი მცნება?