settings icon
share icon
შეკითხვა

რას ამბობს ბიბლია აყვავების სახარების შესახებ?

პასუხი


აყვავების სახარება, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „რწმენის სიტყვის მოძრაობა", მორწმუნეებს შთააგონებს ღვთის გამოყენებას, როცა ბიბლიური ქრისტიანობა სხვას ამბობს – ღმერთი იყენებს მორწმუნეებს.

აყვავების თეოლოგია სულიწმიდას განიხილავს ძალად, რომელიც მორწმუნეებს თავისი ნებისამებრ შეუძლია გამოიყენონ. ბიბლია გვასწავლის, რომ სულიწმიდა ის პიროვნებაა, რომელიც ნებას რთავს მორწმუნეს, აღასრულოს ღმერთის ნება. აყვავების სახარების მოძრაობა მოგვაგონებს რამდენიმე ხარბ სექტას, რომლებიც ადრეულ ეკლესიაში გაჩნდა. პავლე და სხვა მოციქულები არ ეთანხმებოდნენ და უპირისპირდებოდნენ ცრუ მოძღვრებს, რომელებიც ასეთ ერესს ავრცელებდნენ. ისინი მათ საშიშ ცრუ მოძღვრებად აღიარებდნენ და ქრისტიანებს მათგან განრიდებას ურჩევდნენ.

პავლე ასეთი ადამიანების შესახებ გვაფრთხილებს 1 ტიმოთეს მიმართ წერილში (6:5, 9-11). ამ „გარყვნილი გონების" ადამიანებმა ივარაუდეს, რომ ღვთისმოსაობა მოსახვეჭი რამეა და მათი ლტოლვა სიმდიდრის მიმართ ხაფანგად ექცათ „გასანადგურებლად და დასაღუპავად" (მ. 9). სიმდიდრისკენ ლტოლვა საშიშია ქრისტიანისთვის, რაზეც ღმერთი გვაფრთხილებს: „ვინაიდან ყოველგვარი ბოროტების ფესვი ვერცხლის მოყვარეობაა და ზოგიერთები, რომლებიც მან გაიტაცა, განშორდნენ რწმენას და თავიანთ თავს მრავალი ტკივილი მიაყენეს" (მ. 10). სიმდიდრე მორწმუნეებისთვის გონივრული მიზანი რომ იყოს, იესოც ეცდებოდა გამდიდრებას. მას ეს არ გაუკეთებია, მეტიც, ადგილი არ ჰქონდა თავის მოსადრეკად (მათეს 8:20), და საკუთარ მოსწავლეებსაც ასწავლიდა, ასე მოქცეულიყვნენ. არ დაგვავიწყდეს, მისი ერთადერთი მოსწავლე, რომელსაც სიმდიდრე აინტერესებდა, იუდა იყო.

პავლემ თქვა, რომ ანგარება კერპთაყვანისმცემლობაა (ეფესელთა 5:5), და დაავალა ეფესელებს, თავი აერიდებინათ ყველასთვის, ვინც ამორალურობას ან ანგარებას იქადაგებდა (ეფესელთა 5:6-7). აყვავების სწავლება ზღუდავს ღმერთს, ანუ ღმერთი არ არის ყველას უფალი, რადგანაც მას არ შეუძლია იმოქმედოს მანამ, სანამ ჩვენ არ დავრთავთ ნებას. რწმენა, რწმენის სიტყვის დოქტრინის მიხედვით, არ ნიშნავს ღმერთის მორჩილებით ნდობას; რწმენა ფორმულაა, რომლითაც ვიკრებთ სულიერ ძალებს, რომლებიც, როგორც აყვავების მასწავლებლებს სჯერათ, წარმართავენ მსოფლიოს. როგორც მათი სახელიდან – „რწმენის სიტყვა" – გამომდინარეობს, ეს მოძრაობა ქადაგებს, რომ რწმენა უფრო ჩვენი სიტყვიერი აღიარებაა, და არა ის, თუ ვის ვენდობით ან ის, რომელ ჭეშმარიტებას მივიღებთ და განვამტკიცებთ ჩვენს გულებში.

აყვავების სახარების მოძღვრების საყვარელი ტერმინი „პოზიტიური აღიარებაა". ეს ისეთი მოძღვრებაა, სადაც სიტყვებს აქვს შემოქმედებითი ძალა. აყვავების მოძღვრებს სჯერათ, რომ ის, რასაც ამბობთ, განსაზღვრავს იმას, რაც თქვენს ცხოვრებაში მოხდება. თქვენი აღიარება, განსაკუთრებით კეთილგანწყობა, რომელსაც ღმერთისგან ითხოვთ, პოზიტიურად და ყოყმანის გარეშე უნდა წარმოთქვათ. მაშინ ღმერთი აუცილებლად გიპასუხებთ (თითქოს, ადამიანს ყველაფრის მოთხოვნა შეეძლოს!). შესაბამისად, ღმერთისგან კურთხევა ჩვენზეა დამოკიდებული. იაკობის 4:13-16 პირდაპირ ეწინააღმდეგება ამ სწავლებას: „ახლა თქვენ, ვინც ამბობთ: დღეს თუ ხვალ ამა და ამ ქალაქში წავალთ, იქ ერთ წელს დავყოფთ, ვივაჭრებთ და მოვიგებთო, რომელთაც არ იცით, რა მოხდება ხვალ, რადგან რა არის სიცოცხლე? ნისლი, რომელიც ერთხანს გამოჩნდება, მერე კი გაქრება". ჩვენ არ ვიცით მომავალი, ისიც კი არ ვიცით, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე და არც ის, ვიქნებით თუ არა ცოცხლები.

ბიბლია სიმდიდრის მნიშვნელობაზე კი არ ლაპარაკობს, არამედ გვირჩევს, თავი ავარიდოთ მას. მორწმუნეები, განსაკუთრებით, ეკლესიის წინამძღოლები (1 ტიმოთეს 3:3) თავისუფალნი უნდა იყვნენ ფულის სიყვარულისგან (ებრაელთა 13:5). ფულის სიყვარულს ყველანაირ ბოროტებასთან მივყავართ (1 ტიმოთეს 6:10). იესო გვაფრთხილებდა: „დაუკვირდით და დაიცავით თავი ყოველი ანგარებისაგან, ვინაიდან ადამიანის სიცოცხლე მისი ქონების სიუხვეზე როდია დამოკიდებული" (ლუკას 12:15). აყვავების სახარების საწინააღმდეგოდ, რომელიც ლაპარაკობს ფულისა და ქონების მნიშვნელობაზე, იესომ თქვა: „ნუ დაიუნჯებთ მიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც ქურდები თხრიან და იპარავენ. დაიუნჯეთ ცაში, სადაც არც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც არც ქურდები თხრიან და იპარავენ" (მათეს 6:19). შეურიგებელი წინააღმდეგობა აყვავების სახარებასა და უფალ იესო ქრისტეს სახარებას შორის, საუკეთესოდაა შეჯამებული იესოს სიტყვებში (მათეს 6:24): „ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და სიმდიდრესაც".

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

რას ამბობს ბიბლია აყვავების სახარების შესახებ?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries