როგორია პრეთეისტული შეხედულება ბოლო ჟამის შესახებ?


შეკითხვა: როგორია პრეთეისტული შეხედულება ბოლო ჟამის შესახებ?

პასუხი:
პრეთეიზმის მიხედვით, ბიბლიის ყველა წინასწარმეტყველება – რეალური ისტორიაა. წმინდა წერილის პრეთეისტული ინტერპრეტაცია გამოცხადების წიგნს განიხილავს, როგორც პირველი საუკუნის კონფლიქტების სიმბოლურ სურათს და არა იმის აღწერას, რაც ბოლო ჟამს მოხდება. ტერმინი პრეთეიზმი მოდის ლათინური praeter, რაც წარსულს ნიშნავს. ასე რომ, პრეთეიზმი არის შეხედულება, რომლის მიხედვითაც ბიბლიური წინასწარმეტყველება ბოლო ჟამის შესახებ უკვე ახდა წარსულში. პრეთეიზმი პირდაპირ ეწინააღმდეგება ფუტურიზმს, რომლის მიხედვითაც ბოლო ჟამის შესახებ წინასწარმეტყველებები მომავალში ახდება.

პრეთეიზმი ორი ტიპისაა: სრული (ან თანამიმდევრული) პრეთეიზმი და ნაწილობრივი პრეთეიზმი. ამ სტატიაში სრულ პრეთეიზმის (ან პიპერპრეთეიზმის, როგორც ზოგიერთები უწოდებენ) განხილვით შემოვიფარგლებით.

პრეთეიზმი იოანეს გამოცხადების მომავლის წინასწარმეტყველებას უარყოფს. პრეთეისტური მიმდინარეობა, არსებითად, ქადაგებს, რომ ბოლო ჟამის შესახებ ახალი აღთქმის ყველა წინასწარმეტყველება ახდა ჩვენი წელთაღრიცხვით 70 წელს, როცა რომაელებმა ალყა შემოარტყეს იერუსალიმს და დაანგრიეს. პრეთეიზმი ამბობს, რომ ნებისმიერი მოვლენა, რომელიც ბოლო ჟამს უკავშირდება — ქრისტეს მეორედ მოსვლა, ტანჯვა, მკვდრების აღდგომა, უკანასკნელი სამსჯავრო – უკვე ახდა (საბოლოო სამსჯავროს კი ახლა ხდება, ანუ პროცესშია). იესო ქრისტეს დედამიწაზე დაბრუნება „სულიერი" იყო და არა – ფიზიკური.

პრეთეიზმის მოძღვრებით, რჯული აღსრულდა ჩვენი წელთაღრიცხვით 70 წელს და ღმერთის აღთქმა ისრაელთან ამით დასრულდა. გამოცხადება 21:1-ში ნახსენები „ახალი ცა და ახალი მიწა" პრეთეისტისთვის ისაა, რაც ახალ აღთქმაშია აღწერილი – ქვეყნიერება ახალი აღთქმის ქვეშ. როგორც ქრისტიანია „ახალი ქმნილება" (2 კორინთელთა 5:17), ასევე ქვეყნიერება ახალი აღთქმის ქვეშ არის „ახალი მიწა". პრეთეიზმის ამ ასპექტმა თავისუფლად შეიძლება მიგვიყვანოს ჩანაცვლების თეოლოგიასთან.

პრეთეისტები საკუთარ არგუმენტებს ამყარებენ ზეთისხილის მთაზე იესოს მიერ წარმოთქმულ სიტყვებზე. მას შემდეგ, რაც იესო აღწერს უკანასკნელი ჟამის რამდენიმე მოვლენას, ის ამბობს: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს თაობა, ვიდრე ყოველივე ეს არ მოხდება" (მათეს 24:34). პრეთეისტის აზრით, ყველაფერი, რასაც იესო მათეს 24-ე თავში ამბობს, მისი სიტყვიდან ერთ თაობაში უნდა მომხდარიყო. ამიტომ, ჩვენი წელთაღრიცხვით 70 წელს, იერუსალიმის დანგრევა იყო „სამსჯავროს დღე".

პრეთეიზმს სირთულეები აქვს. უპირველესად, ღმერთის აღთქმა ისრაელთან მარადიულია (იერემია 31:33–36) და ისრაელი მომავალში ხელახლა აშენდება (ესაია 11:12). პავლე მოციქული იმათ წინააღმდეგ გამოდიოდა, ვინც ჰიმენევსის და ფილეტოსის მსგავსად ტყუილს ქადაგებდნენ „აღდგომა უკვე იყოო და ზოგიერთებს ურღვევენ რწმენას" (2 ტიმოთეს 2:17-18). და იესოს სიტყვები: „ამ თაობაში", უნდა გავიგოთ, როგორც თაობა, რომელიც ცოცხალია იმისთვის, რომ იხილოს იმ მოვლენების დასაწყისი, რაც მათეს 24-შია აღწერილი.

ესქატოლოგია რთული საგანია, და ბიბლიის აპოკალიფსური სახეების გამოყენებამ წინასწარმეტყველებებთან დაკავშირებით, სხვადასხვა განმარტებები მისცა ბოლო ჟამის მოვლენებს. ქრისტიანობაში ამ საკითხებზე ბევრი აზრთა სხვადასხვაობაა. თუმცა, სრული პრეთეიზმის სერიოზული ნაკლი ისაა, რომ ის უარყოფს ქრისტეს მეორედ მოსვლის ფიზიკურ რეალობას და ამცრობს ტანჯვის საშინელ ბუნებას, როცა მხოლოდ იერუსალიმის დანგრევით ზღუდავს მას.

English


დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე
როგორია პრეთეისტული შეხედულება ბოლო ჟამის შესახებ?