settings icon
share icon
შეკითხვა

ზეცაში მოხვედრა – როგორ შემიძლია სამუდამო სამყოფლის გარანტირება?

პასუხი


შეურიგდით იმ აზრს, რომ დღე, როდესაც მარადისობაში გადავალთ, შეიძლება იმაზე ადრე დადგეს, ვიდრე გვგონია. ამ დღის სამზადისში უნდა ვიცოდეთ სიმართლე – ზეცაში ყველა ვერ მოხვდება. როგორ შეიძლება დავრწმუნდეთ, რომ ზეცაში მოვხვდებით? დაახლოებით 2000 წლის წინ პეტრე და იოანე მოციქულები ქადაგებდნენ ქრისტეს სახარებას იერუსალიმში, მრავალი ხალხის წინაშე. პეტრემ მნიშვნელოვანი განაცხადი გააკეთა, რომელიც ჩვენს პოსტმოდერნულ საზოგადოებასაც ეხმიანება: „სხვაში არავისში არ არსებობს ხსნა, არც არის ცის ქვეშ ხალხისათვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით" (საქმეები 4:12).

როგორც დღეს, არც მაშინ ყოფილა ეს განცხადება (საქმეები 4:12) პოლიტიკურად კორექტული. დღეს პოპულარულია მოსაზრება, რომ „ყველა ზეცაში მოხვდება", ან „ყველა გზა სამოთხისკენ მიდის". ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ იესოს გარეშე მოხვდება ზეცაში. უნდათ დიდება, მაგრამ არ სურთ შეაწუხოთ იმან, ვინც ჯვარზე მოკვდა. ბევრს არ უნდა, მიიღოს ქრისტე, როგორც სამოთხის ერთადერთი გზა და მზად არიან, სხვა გზები ეძიონ. მაგრამ იესო გვაფრთხილებს, რომ სხვა გზა არ არსებობს და რომ ამ ჭეშმარიტებაზე უარის თქმა ჯოჯოხეთში მიგვიყვანს. „ვისაც ძე სწამს, საუკუნო სიცოცხლე აქვს, ხოლო ძის ურჩი ვერ იხილავს სიცოცხლეს, არამედ ღვთის რისხვა დარჩება მასზე" (იოანეს 3:36). ქრისტეს რწმენა ზეცის გასაღებია.

ვიღაცებმა შეიძლება ამტკიცონ, რომ თუკი ზეცისკენ ერთადერთი გზა მიდის, ეს ღმერთის ვიწრო ხედვაა. მაგრამ, სიმართლე რომ ითქვას, ღმერთის წინააღმდეგ კაცობრიობის აჯანყების ფონზე, ის პირიქით, ზედმეტად გულმოწყალეა, რომ ზეცისკენ გზა გვიჩვენოს. ჩვენ ვიმსახურებთ სამსჯავროს, მაგრამ ღმერთი გვაძლევს გზას თავისი მხოლოდშობილი ძის მეშვეობით, რომელიც ჩვენი ცოდვებისთვის მოკვდა. ვიღაცას ფართოდ ეჩვენება ეს გზა, ვიღაცას ̶ ვიწროდ. კარგი ამბავი ისაა, რომ იესო მოკვდა და მკვდრეთით აღსდგა. ზეცაში მომხვედრნი არიან სახარების რწმენით მიმღებნი.

ბევრი ადამიანი დღეს ზედაპირულად უყურებს სახარებას და მათ ჰგონიათ, რომ მონანიება საჭირო არ არის; სურთ, სჯეროდეთ „მოყვარული" (რომელიც არ სჯის) ღმერთისა, რომელიც არასდროს ახსენებს ცოდვას და არ ითხოვს ცხოვრების წესის შეცვლას. მათ შეიძლება ამგვარი რამ თქვან: „ჩემი ღმერთი არასდროს გაგზავნის ადამიანს ჯოჯოხეთში." იესო უფრო მეტს ლაპარაკობდა ჯოჯოხეთზე, ვიდრე სამოთხეზე და საკუთარი თავი წარმოგვიდგინა ზეცაში მოხვედრის ერთადერთ შესაძლებლობად. „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემით" (იოანეს 14:6).

რეალურად ვინ შევა ღმერთის სამეფოში? როგორ შეიძლება იმის გარანტირება, რომ ნამდვილად სამოთხის გზას ვადგავართ? ბიბლია ნათლად ავლებს ზღვარს მათ შორის, ვის ექნება საუკუნო ცხოვრება და ვის – არა. „ვისაც ძე ჰყავს, სიცოცხლე აქვს. ვისაც ძე ღვთისა არა ჰყავს, სიცოცხლე არა აქვს" (1 იოანეს 5:12). ყველაფერი რწმენაზეა დამოკიდებული. ისინი, რომელთაც ქრისტე ირწმუნეს, ღმერთის შვილებად იქცნენ (იოანეს 1:12). ისინი, ვინც მიიღებენ ქრისტეს მსხვერპლს, როგორც ცოდვის გამოსყიდვას და ირწმუნებენ მის აღდგომას, ზეცაში მოხვდებიან, ხოლო ისინი, ვინც ქრისტეს უარყოფენ დაიღუპებიან. „ვისაც ის სწამს, არ განიკითხება, ხოლო ვისაც არ სწამს, უკვე განკითხულია, რადგან არ ირწმუნა სახელი ღვთის მხოლოდშობილი ძისა" (იოანეს 3:18).

როგორი მშვენიერიც იქნება ზეცა მათთვის, ვინც იესო ქრისტე მიიღო მხსნელად, ისეთივე საშინელი იქნება ჯოჯოხეთი მათთვის, ვინც ის უარყო. ვინც ბიბლიას გულდასმით კითხულობს, შეუძლებელია არ დაინახოს ის, რომ საზღვარი გავლებულია. ბიბლიის თანახმად, სამოთხისკენ მიმავალი მხოლოდ ერთი გზა არსებობს – იესო ქრისტე. მიჰყევით იესოს მითითებას:

„შედით ვიწრო კარიბჭით, ვინაიდან ფართოა კარიბჭე და განიერია გზა, რომელსაც დაღუპვისაკენ მიჰყავს, და მრავალნი დადიან მასზე" (მათეს 7:13).

იესოს რწმენა ზეცაში მოსახვედრი ერთადერთი გზაა. ისინი, ვისაც რწმენა აქვთ, აუცილებლად იქ მოხვდებიან. გწამს თუ არა იესო შენ?

მიიღე თუ არა გადაწყვეტილება ქრისტეს სასარგებლოდ აქ წაკითხულიდან გამომდინარე? თუ ეს ასეა, გთხოვ დააწკაპუნო ქვემოთ მოცემულ ღილაკზე ”მე დღეს ქრისტე ვაღიარე”.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

ზეცაში მოხვედრა – როგორ შემიძლია სამუდამო სამყოფლის გარანტირება?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries