რას გვასწავლის ბიბლია ქრისტიანულ მარხვაზე?


შეკითხვა: რას გვასწავლის ბიბლია ქრისტიანულ მარხვაზე?

პასუხი:
წმინდა წერილი ქრისტიანებს მარხვას არ აიძულებს. ღმერთი არ მოითხოვს ქრისტიანებისგან მარხვას. მაგრამ, ბიბლია მარხვას კარგ, სასარგებლო და სასიკეთო ქმედებად წარმოგვიდგენს. მოციქულთა საქმეების წიგნში, მორწმუნეები მარხულობდნენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების წინ (საქმეები 13:2, 14:23). ხშირად, მარხვა და ლოცვა გადაჯაჭვულია (ლუკას 2:37; 5:33). ზოგჯერ, მარხვისას, ხაზგასმულია ნაკლები ჭამა. სინამდვილეში კი მარხვის მთავარი მიზანია თვალი ავარიდოთ ამქვეყნიურ საგანთ და სრულად მივიქცეთ უფლისკენ. მარხვით საკუთარ თავსა და ღმერთს ვაჩვენებთ, რომ სერიოზულად აღვიქვამთ მასთან ურთიერთობას. მარხვა ახალ ხედვას გვაძლევს და გვეხმარება განახლებულად მივუძღვნათ თავი უფალს.

ასევე, ბიბლიაში მარხვა თითქმის ყოველთვის უკავშირდება საკვებისგან თავშეკავებას. მაგრამ არსებობს მარხვის სხვა გზებიც. ნებისმიერ რამეზე დროებით უარის თქმა, რათა მთლიანად მივიქცეთ უფლისკენ, შეიძლება მარხვად ჩაითვალოს (1 კორინთელთა 7:1-5). მარხვა გარკვეული დროითაა განსაზღვრული, განსაკუთრებით, თუ ეს კვებას ეხება. ხანგრძლივი უჭმელობა შეიძლება ორგანიზმისთვის საზიანო იყოს. მარხვამ სხეული კი არ უნდა დააზიანოს, არამედ — ყურადღება ბოლომდე ღმერთზე გადაიტანოს. მარხვა არც „დიეტის მეთოდია". ბიბლიური მიზანი მარხვისა უფალთან ურთიერთობის გაღრმავებაა, და არა წონაში კლება. ყველას შეუძლია მარხვა, მაგრამ ზოგმა შეიძლება ვერ იმარხულოს საჭმლისგან თავშეკავებით (მაგალითად, დიაბეტიკმა). უფალთან მისაახლოებლად ყველას შეუძლია დროებით რაღაცის დათმობა.

დროებით განვერიდებით რა ყოველივე ამქვეყნიურს, უფრო მეტად მივაპყრობთ ყურადღებას ქრისტეს. მარხვა არ გულისხმობს ღმერთისთვის რაღაცის ცნობას. მარხვა ჩვენ გცვლის, და არა – ღმერთს. მარხვით სხვებზე სულიერები ვერ აღმოვჩნდებით. მარხვა თავმდაბლობითა და სიხარულით უნდა გამოირჩეოდეს. მათეს 6:16-18-ში ვკითხულობთ: „ასევე როცა მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, როგორც თვალთმაქცნი. ვინაიდან ისინი იმწუხრებენ სახეებს, რათა ადამიანებს მარხულებად აჩვენონ თავი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. ხოლო შენ, როცა მარხულობ, იცხე თავზე და დაიბანე პირი, რათა ადამიანებს კი არ ეჩვენო მარხულად, არამედ დაფარულში მყოფ შენს მამას. და შენი მამა, რომელიც ხედავს დაფარულში, ცხადად მოგიზღავს."

English


დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე
რას გვასწავლის ბიბლია ქრისტიანულ მარხვაზე?