როგორ უნდა აღზარდოს ქრისტიანმა საკუთარი შვილი? რას გვასწავლის ბიბლია?


შეკითხვა: როგორ უნდა აღზარდოს ქრისტიანმა საკუთარი შვილი? რას გვასწავლის ბიბლია?

პასუხი:
ბავშვებისთვის დისციპლინა რთულია, მაგრამ გარდაუვალი. ზოგი ამტკიცებს, რომ ფიზიკური დასჯა არის ერთადერთი ბიბლიური მეთოდი. სხვები ფიქრობენ, რომ „კუთხეში დაყენება" და სხვა დასჯის მეთოდები, რომლებიც ფიზიკურ შეხებას გამორიცხავს, მეტად ეფექტურია. რას გვასწავლის ბიბლია? ბიბლია გვასწავლის, რომ ფიზიკური დასჯა ქმედითი, სასარგებლო და აუცილებელიცაა.

სწორად გაიგეთ – ჩვენ არ ვამართლებთ ბავშვზე ძალადობას. ბავშვი არასოდეს არ უნდა დავსაჯოთ ფიზიკური ზიანის მიყენებით. ბიბლიის მიხედვით, შესაფერისი ფიზიკური დასჯა ბავშვებისთვის კარგია მათი კეთილდღეობისა და სწორი განვითარებისთვის.

წმინდა წერილის მრავალი მუხლი ემხრობა ფიზიკურ დასჯას. „ნუ მოერიდები ყმაწვილის დასჯას, რადგან თუ შოლტით სცემ მას, არ მოკვდება. შენ შოლტით სცემ მას, მის სულს კი შავეთისაგან იხსნი" (იგავნი 23:13-14; ასევე 13:24; 22:15; 20:30). ბიბლიაში მკაცრად ხაზგასმულია დისციპლინა; ის ყველას გვჭირდება წარმატებისთვის და მისი სიყმაწვილიდანვე გამომუშავება მეტად შესაძლებელია, ვიდრე მოგვიანებით. მეამბოხენი, ავტორიტეტისადმი უპატივცემულონი და უფლისადმი დაუმორჩილებლები არიან ბავშვები, რომლებიც დისციპლინის გარეშე აღიზარდნენ. თავად უფალიც დისციპლინის მეშვეობით გვაყენებს სწორ გზაზე, გვარიგებს და გვეხმარება შეცდომების აღიარებასა და მონანიებაში (ფსალმუნები 93:12; იგავნი 1:7; 6:23;12:1; 13:1; 15:5; ესაია 38:16; ებრაელთა 12:9).

წმინდა წერილში მოცემული დისციპლინის ცოდნა აუცილებელია შვილების ბიბლიური პრინციპებით აღზრდისათვის. იგავების წიგნი სავსეა სიბრძნით ბავშვების აღსაზრდელად. მაგალითად: „შოლტი და დარიგება სიბრძნეს იძლევა, ხოლო მიშვებული ყმაწვილი არცხვენს თავის დედას" (იგავნი 29:15). ეს მუხლი გვასწავლის იმას, რომ თუ შვილებს სათანადოდ არ აღზრდიან მშობლები, ისინი შერცხვებიან. რა თქმა უნდა, დასჯას ბავშვისთვის სარგებელი უნდა მოჰქონდეს. დასჯა არ უნდა შეურაცხყოფდეს ბავშვს და აბრკოლებდეს მის მომავალს. დაუშვებელია მრისხანებისა და იმედგაცრუების შინაარსის მქონე სიტყვების გადმონთხევა.

დისციპლინის მეშვეობით უნდა აღიზარდნონ და სწორ გზას დაადგნენ ადამიანები. „ყოველი წვრთნა აწმყოში სიხარულად არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად. შემდეგ კი ის სიმართლის მშვიდობიან ნაყოფს აძლევს მათ, ვინც მის მიერ განისწავლა" (ებრაელთა 12:11). უფლის დისციპლინა სიყვარულითაა გაჯერებული. ასე უნდა იყოს მშობელსა და შვილს შორის. ფიზიკურად დასჯისას, გამორიცხულია ტკივილის ან ზიანის მიყენება. ფიზიკურ სასჯელს უნდა მოჰყვეს სიყვარულის განცდა, რაც ბავშვმა უნდა იგრძნოს. აი, ეს დრო საუკეთესოა ბავშვისთვის იმის სასწავლებლად, რომ უფალი იყენებს დისციპლინას, რაკი ვუყვარვართ, და ჩვენც იმავეს ვაკეთებთ სიყვარულით.

შესაძლოა სხვა მეთოდების გამოყენება გარდა „კუთხეში დაყენებისა"? ზოგიერთი მშობელი ხვდება, რომ მათი შვილები ფიზიკურ დასჯაზე უარესად რეაგირებენ. სხვები კი ფიქრობენ, რომ „კუთხეში დაყენება", გამოკეტვა და რაღაცის წართმევა უფრო ქმედითია და მეტად უბიძგებს ცვლილებისაკენ. ბიბლია ემხრობა ფიზიკურ დასჯას, რადგან ის აყალიბებს ღვთისნიერ ხასიათს.

ასეთი დისციპლინის გამოყენება რთულდება, რადგან სახელმწიფოები ბავშვზე ყველანაირ ფიზიკურ შეხებას ძალადობად მიიჩნევენ. ჩივილისა და ბავშვის წართმევით დაშინებულ მშობლებს ეშინიათ შვილის „გაწკეპლა". როგორ მოიქცეს მშობელი, თუ სახელმწიფომ ფიზიკური დასჯა არაკანონიერად სცნო? რომაელთა 13:1-7-ის მიხედვით, მშობელი უნდა დაემორჩილოს მთავრობას. მთავრობამ არ უნდა შელახოს უფლის სიტყვა, როდესაც ფიზიკური დასჯა ბავშვების კეთილდღეობას ემსახურება. ასევე, ბავშვების შენარჩუნება ისეთ ოჯახში, სადაც ცოტა წესრიგს მაინც ისწავლის, უკეთესია, ვიდრე მათი სახელმწიფოსთვის მიბარება „საზრუნველად".

ეფესელთა 6:4-ში წერია, რომ მამებმა არ უნდა გააღიზიანონ შვილები. პირიქით, უნდა აღზარდონ უფლის მოძღვრებით – „თქვენ კი, მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით."

English


დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე
როგორ უნდა აღზარდოს ქრისტიანმა საკუთარი შვილი? რას გვასწავლის ბიბლია?