როგორ უნდა ვიქცე ღმერთის შვილად?


შეკითხვა: როგორ უნდა ვიქცე ღმერთის შვილად?

პასუხი:
ღმერთის შვილად გახდომას იესო ქრისტეს რწმენა სჭირდება. „ხოლო ვინც მიიღო იგი და ირწმუნა მისი სახელი, მისცა მათ ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა" (იოანეს 1:12).

„ხელახლა უნდა დაიბადო"
როცა იესო იუდეველთა მთავართან, ნიკოდემოსთან მივიდა, მას მაშინვე ზეცა კი არ აღუთქვა, არამედ, უთხრა მას, რომ ჯერ ღმერთის შვილი უნდა გამხდარიყო: ,,ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც ხელახლად არ იშვება, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს."

თავიდან, როდესაც ადამიანი იბადება, მას ცოდვილი ბუნება დაჰყვება, რომელიც მიიღო ადამისგან ედემის ბაღში მისი შეცოდების გამო. ბავშვს ცოდვას არავინ ასწავლის. ის ბუნებრივად მიჰყვება საკუთარ არასწორ სურვილებს, რომელთა შედეგია ისეთი ცოდვები, როგორიცაა ტყუილი, ქურდობა და სიძულვილი. იმის ნაცვლად, რომ ღმერთის შვილი იყოს, ის ურჩობისა და რისხვის შვილია (ეფესელთა 2:1–3).

როგორც რისხვის შვილები, ჩვენ ვიმსახურებთ ღმერთისგან შორს, ჯოჯოხეთში ყოფნას. საბედნიეროდ, ეფესელთა 2:4–5-ში წერია: „მაგრამ წყალობით მდიდარმა ღმერთმა თავისი დიდი სიყვარულით, რომლითაც ჩვენ შეგვიყვარა, ჩვენ, დანაშაულთა გამო მკვდრები, გაგვაცოცხლა ქრისტესთან ერთად". როგორ უნდა ვიცოცხლოთ ქრისტესთან ერთად, ხელახლა დავიბადოთ და გავხდეთ ღვთის შვილი? ჩვენ უნდა მივიღოთ იესო რწმენით!

იესოს მიღება
„ხოლო ვინც მიიღო იგი და ირწმუნა მისი სახელი, მისცა მათ ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა (იოანეს 1:12). ეს მუხლი ნათლად ხსნის, თუ როგორ უნდა გავხდეთ ღმერთის შვილი. ჩვენ უნდა მივიღოთ და ვირწმუნოთ იესო. რა უნდა ვირწმუნოთ იესოს შესახებ?

უპირველესად, ღმერთის შვილს სწამს, რომ იესო მარადიული ღმერთის ძეა, რომელიც განხორცდა. იგი ქალწულმა შვა სულიწმიდის ძალით, და იესოს არ მიუღია მემკვიდრეობით ადამიანის ცოდვილი ბუნება. ამიტომ, იესოს მეორე ადამი ჰქვია (1 კორინთელთა 15:22). მაშინ, როცა ადამის ურჩობამ დედამიწაზე ცოდვა მოიტანა, ქრისტეს სრულ მორჩილებას კურთხევა მოაქვს. ჩვენი პასუხი უნდა იყოს მონანიება (უარი ვთქვათ ცოდვაზე).

მეორე, უნდა გვწამდეს იესოსი, როგორც მხსნელისა. ღმერთის გეგმა იყო, რომ გაეწირა თავისი სრულყოფილი ძე ჯვარზე, რათა გამოვესყიდეთ ცოდვის შედეგისაგან – სიკვდილისგან. ქრისტეს სიკვდილი ათავისუფლებს მის მორწმუნეთ ცოდვის დანაშაულისა და ძალისაგან. მისი აღდგომა გვამართლებს (რომაელთა 4:25).

და ბოლოს, ღმერთის შვილი აღიარებს იესოს, როგორც უფალს. მას შემდეგ, რაც ცოდვასა და სიკვდილზე გაიმარჯვა, ღმერთმა იესოს მისცა ძალაუფლება (ეფესელთა 1:20–23). იესო წინ უძღვის ყველას, ვინც მას მიიღებს. ის ყველას დასჯის, ვინც მას უარყოფს (საქმეები 10:45). ღმერთის მადლით, როგორც მისი შვილები, ხელახლა ვიბადებით ახალი სიცოცხლისთვის. მაგრამ მხოლოდ ისინი, ვინც არა მხოლოდ იციან იესოს შესახებ, არამედ ენდობიან, როგორც მხსნელს, ემორჩილებიან, როგორც მასწავლებელს და უყვართ, როგორც საგანძური – გახდებიან ღმერთის შვილები.

ღმერთის შვილად გახდომა
როგორც საკუთარი დაბადება არ არის დამოკიდებული ჩვენზე, ასევეა ღმერთის ოჯახში შესვლაც – ამას ვერ გამოვიწვევთ კეთილი საქმეების კეთებით ან საკუთარი რწმენის შენებით. ღმერთია ერთადერთი, რომელიც საკუთარი მოწყალებით გვაძლევს უფლებას, რომ ღმერთის შვილები გავხდეთ. „ნახეთ, როგორი სიყვარული მოგვცა მამამ, რომ მის შვილებად ვიწოდებით. ქვეყნიერება იმიტომ არ გვიცნობს, რომ ქვეყნიერებამ ვერ შეიცნო იგი" (1 იოანეს 3:1). ასე რომ, ღმერთის შვილს არაფერი აქვს საამაყო. მისი სიამაყე მხოლოდ უფალია (ეფესელთა 2:8–9).

ბავშვი რომ იზრდება, მშობლებს ემგვანება. ასევე, ღმერთს სურს, რომ მისი შვილები იესო ქრისტეს დაემსგავსონ. სრულყოფილები მხოლოდ ზეცაში ვიქნებით, მაგრამ ღმერთის შვილმა ნებითა და მოუნანიებლად არ უნდა სცოდოს: „შვილებო, ნურავინ გაცდუნებთ. სიმართლის მოქმედი მართალია ისევე, როგორც ის არის მართალი. ცოდვის ჩამდენი ეშმაკისგან არის, რადგან თავდაპირველად ეშმაკმა შესცოდა. ამისათვის გამოჩნდა ძე ღვთისა, რათა დაერღვია ეშმაკის საქმენი. ყოველი, ვინც ღვთისაგან არის შობილი, არ სჩადის ცოდვას, ვინაიდან მისი თესლი იმყოფება მასში და არ ძალუძს შეცოდება, ვინაიდან ღვთისაგან არის შობილი. ამით შეიცნობიან ღვთის შვილნი და ეშმაკის შვილნი: ყოველი, ვინც არ იქმს სიმართლეს, იგი არ არის ღვთისაგან, და არც ის, ვისაც თავისი ძმა არ უყვარს. (1 იოანეს 3:7–10).

არ შეცდეთ – ღმერთის შვილი არ არის „განშორებული" ცოდვისგან. მაგრამ ის, ვინც მუდმივად სცოდავს და სიამოვნებას იღებს ისე, რომ არ აქცევს ყურადღებას ქრისტეს და მის სიტყვას, ადასტურებს, რომ არასდროს შობილა ხელახლა. ასეთ ადამიანებს იესომ უთხრა: „თქვენი მამა არის ეშმაკი და მამათქვენის გულისთქმის შესრულება გწადიათ" (იოანეს 8:44). მეორე მხრივ, ღმერთის შვილს აღარ სურს ცოდვით სიამოვნების მიღება, არამედ სურს შეიცნოს, უყვარდეს და ადიდოს თავისი მამა.

ღვთის შვილობის ჯილდო განუზომელია. როგორც ღმერთის შვილი, თქვენ მისი ოჯახის (ეკლესიის) ნაწილი ხართ, გამზადებული გაქვთ სახლი ზეცაში და გაქვთ უფლება, მიუახლოვდეთ უფალს ლოცვისას (ეფესელთა 2:19; 1 პეტრეს 1:3–6; რომაელთა 8:15). გაეცი პასუხი ღმერთის მოწოდებას – მოინანიე ცოდვა და ირწმუნე ქრისტე. გახდი ღმერთის შვილი!

მიიღე თუ არა გადაწყვეტილება ქრისტეს სასარგებლოდ აქ წაკითხულიდან გამომდინარე? თუ ეს ასეა, გთხოვ დააწკაპუნო ქვემოთ მოცემულ ღილაკზე ”მე დღეს ქრისტე ვაღიარე”.

English


დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე
როგორ უნდა ვიქცე ღმერთის შვილად?