ანიჰილაციონიზმი ბიბლიურია?


შეკითხვა: ანიჰილაციონიზმი ბიბლიურია?

პასუხი:
ანიჰილაციონიზმი არის რწმენა, რომელის მიხედვითაც ურწმუნოები არ დაიტანჯებიან ჯოჯოხეთში, არამედ „გაქრებიან" სიკვდილის შემდეგ. ბევრისთვის ანიჰილაციონიზმი მომხიბლავი მოსაზრებაა, რადგან ის იმ აზრს უარყოფს, რომლის მიხედვითაც, ადამიანები მარადიულად იქნებიან ჯოჯოხეთში. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს რამდენიმე ნაწყვეტი ანიჰილაციონიზმის სასარგებლოდ, ფართო წარმოდგენით, ბიბლია ამბობს, რომ ცოდვილები სამუდამოდ დაისჯებიან ჯოჯოხეთში. ანიჰილაციონიზმი მოყვა შემდეგი დოქტრინების არასწორ გაგებას: 1) ცოდვის შედეგი; 2) ღმერთის სამართლიანობა; 3) ჯოჯოხეთის ბუნება.

ჯოჯოხეთის ბუნებასთან დაკავშირებით, ანიჰილაციონისტებს მცდარად ესმით ცეცხლის ტბის მნიშვნელობა. ცხადია, თუკი ადამიანი ცეცხლის ტბაში ჩავარდება, ის თითქმის მაშინვე დაიფერფლება. თუმცა, ცეცხლოვანი ტბა ერთდროულად არის ფიზიკური და სულიერი სივრცე. ცეცხლის ტბაში მხოლოდ ადამიანის სხეული კი არ ჩავარდება, არამედ ადამიანის სხეული, სამშვინველი და სული. სულიერ სხეულს ვერ შთანთქავს ცეცხლოვანი ტბა. სულიერი არ შეიძლება ფიზიკურ ცეცხლში დაიწვას. როგორც ჩანს, როგორც დახსნილნი იძენენ ახალ სხეულს მარადისობისთვის, ასევე, დაუხსნელნიც (გამოცხადების 20:13; საქმეები 24:15). ეს სხეულები გამზადებულნი არიან მარადიული ბედისწერისთვის.

მარადისობა ის საკითხია, რომელიც ანიჰილაციონისტებს კარგად არ ესმით. ანიჰილაციონისტები მართლები არიან, რომ ბერძნული სიტყვა aionion ჩვეულებრივ ითარგმნება, როგორც მარადიული, მაგრამ არ ნიშნავს „მარადიულს". ის კონკრეტულად ეხება „საუკუნეს" და „ეპოქას" – დროის გარკვეულ პერიოდს. თუმცა, ახალი აღქმიდან ცხადია, რომ aionion-ი ხანდახან დროის მუდმივობის აღსანიშნად იხმარება. გამოცხადების 20:10 ამბობს, რომ „ეშმაკი, რომელმაც აცდუნა ისინი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც მხეცი და ცრუწინასწარმეტყველი იმყოფებიან, და დაიტანჯებიან „დღე და ღამე, უკუნითი უკუნისამდე". ცხადია, რომ ისინი, ვინც ტბაში ჩავარდებიან, არ „ქრებიან". რატომ იქნება დაუხსნელთა ბედი განსხვავებული (გამოცხადება 20:14-15)? ჯოჯოხეთის მარადიულობის ყველაზე მტკიცე დადასტურებაა მათეს სახარების 25:46-შია მოცემული: „და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი — საუკუნო სიცოცხლეში." ამ მუხლში იგივე ბერძნული სიტყვაა გამოყენებული ბოროტთა და მართალთა მიმართ. თუკი ბოროტნი „საუკუნოდ" დაიტანჯებიან, მაშინ მართალნი სასუფეველში „საუკუნოდ" იქნებიან. თუკი მორწმუნეები მარადიულობას ზეცაში გაატარებენ, ურწმუნოები – ჯოჯოხეთში.

ანიჰილაციონისტები მარადიული ჯოჯოხეთის იდეას იმის გამოც აკრიტიკებენ, რომ, თითქოს, ღმერთი უსამართლოდ მოიქცევა, თუკი მარადიულად დასჯის ურწმუნოებს ჯოჯოხეთში განსაზღვრულ ცოდვათა რაოდენობის გამო. განა სამართლიანია ჯოჯოხეთში გაატაროს მარადიულობა კაცმა, რომელმაც 70 წელი ცოდვით იცხოვრა? პასუხი ისაა, რომ ჩვენს ცოდვებს მარადიული შედეგი აქვს, იმიტომ, რომ ისინი მარადიული ღმერთის წინააღმდეგაა ჩადენილი. როცა მეფე დავითმა შესცოდა სიძვითა და მკვლელობით, მან თქვა: „შენ, მხოლოდ შენ შემოგცოდე და ბოროტება ჩავიდინე შენს თვალში, ამიტომ მართალი ხარ შენს სიტყვებში და სწორი – შენს სამართალში" (ფსალმუნები 51:4). დავითმა ბეთსებას და ურიას წინაშე შესცოდა; მაგრამ რატომ ამბობს, რომ ღვთის წინაშე შესცოდა? დავითი მიხვდა, რომ ყველა ცოდვა ღმერთის წინააღმდეგაა. ღმერთი მარადიული და უსასრულოა. ამიტომ, მის წინააღმდეგ ჩადენილი ყველა ცოდვა იმსახურებს სამუდამო სასჯელს. იმას კი არა აქვს მნიშვნელობა, რამდენ ხანს ვცოდავთ, არამედ იმას, თუ ვის წინააღმდეგ.

ანიჰილაციონიზმის უფრო პირადული მხარეა ის, რომ ჩვენ ვერ ვიქნებით ბედნიერები ზეცაში თუკი ჩვენი ახლობლები მარადიულად ჯოჯოხეთში დაიტანჯებიან. თუმცა, როცა ჩვენ სასუფეველში შევალთ, არაფერზე ვიდარდებთ. გამოცხადება 21:4-ში წერია: „მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გადავიდნენ." თუკი ჩვენს ახლობლებს ვერ ვიხილავთ ზეცაში, 100%-ით დავეთანხმებით იმას, რომ არ დაიმსახურეს იგი, და ისინი გასამართლდნენ, რაკი იესო ქრისტეს მხსნელად არ მიიღეს (იოანეს 3:16; 14:6). ეს რთულად აღსაქმელია, მაგრამ არ ვიდარდებთ მათი არყოფნის გამო. მოდით, იმაზე ნუ ვიფიქრეთ იქ ვიდარდებთ თუ არა, არამედ მთელი ღონე ვიხმაროთ, რომ ჩვენს ახლობლებს იესო ქრისტეზე ვუქადაგოთ, ეგებ ირწმუნონ, რათა ზეცაში დაიმკვიდრონ ადგილი.

შესაძლოა ჯოჯოხეთი მთავარი მიზეზია, რის გამოც ღმერთმა იესო ქრისტე ჩვენი ცოდვების სატვირთველად გამოგზავნა. სიკვდილის შემდგომ „გაქრობა" კი არაა საშიში, არამედ მარადიული ჯოჯოხეთი. იესოს სიკვდილი უსასრულო სიკვდილი იყო, რომელმაც ჩვენი უსასრულო ცოდვა გამოისყიდა, რათა ჩვენ აღარ დავტანჯულიყავით ჯოჯოხეთში მარადიულად (2 კორინთელთა 5:21). თუკი მას ვირწმუნებთ – გადავრჩებით, მიგვეტევება, განვიწმინდებით და ზეცაში მარადიულად დავმკვიდრდებით. მაგრამ თუკი უარვყოფთ ღმერთის საჩუქარს – მარადიულ ცხოვრებას, ამ გადაწყვეტილებისთვის საუკუნოდ დავისჯებით.

English


დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე
ანიჰილაციონიზმი ბიბლიურია?