არსებობს თუ არა აბსოლუტური, უნივერსალური ჭეშმარიტება?


შეკითხვა: არსებობს თუ არა აბსოლუტური, უნივერსალური ჭეშმარიტება?

პასუხი:
აბსოლუტური ან უნივერსალური ჭეშმარიტების გასაგებად, პირველ რიგში, უნდა განვმარტოთ სიტყვა ჭეშმარიტება. ლექსიკონის მიხედვით ჭეშმარიტება არის „ფაქტების და რეალობის შესაბამისობა; მტკიცებულება, რომელიც სიმართლედ არის დადასტურებული." ზოგიერთი იტყვის, რომ არ არსებობს ჭეშმარიტი რეალობა. სხვები კი შეეკამათებიან და იტყვიან, რომ უნდა არსებობდეს აბსოლუტური რეალობა ან ჭეშმარიტება.

ერთნი ამბობენ, არ არსებობს აბსოლუტიზმი, რომელიც განმარტავს რეალობას. ამ შეხედულების მქონე ადამიანები, ყველაფერს რაღაცას მიაწერენ და მათთვის არ არსებობს ნამდვილი რეალობა. ამის გამო არ არსებობს მორალური ფასეულობები, არანაირი ავტორიტეტი, რომელიც დადებითსა და უარყოფითს განასხვავებს. ამ შეხედულებას მივყავართ „სიტუაციურ ეთიკასთან", რომ კარგი და ცუდი დაკავშირებულია სიტუაციასთან. რა თქმა უნდა, სიტუაციურ ეთიკას მივყავართ სუბიექტურობასთან, „სიამოვნებაზე" ორიენტირებულ მენტალობასა და ცხოვრების წესთან, რომელიც საზოგადოებისთვის და ინდივიდებისთვის გამანადგურებელ შედეგს იძლევა. პოსტმოდერნიზმია ის, რომ ყალიბდება საზოგადოება, რომელიც ყველანაირ ღირებულებას, რწმენას, ცხოვრების წესსა და ჭეშმარიტებას ათანაბრებს.

სხვა შეხედულებით, ნამდვილად არსებობს აბსოლუტური რეალობა და სტანდარტები, რომლებიც განასხვავებს კარგსა და ცუდს. შესაბამისად, იმის მიხედვით, თუ როგორ აისახება ქმედებები აბსოლუტურ სტანდარტებთან შესაბამისობაში, ისინი შეიძლება დავყოთ სწორად და არასწორად. თუ არ არსებობს აბსოლუტიზმი და ჭეშმარიტი რეალობა, ქაოსი დაისადგურებს. მაგალითად მიზიდულობის ძალა: თუ ის არ იქნებოდა აბსოლუტური, ვერ დავდგებოდით იქ, სადაც მოვისურვებდით. ან ორი გამრავლებული ორზე, თუ ყოველთვის არ იქნება ოთხი, ცივილიზაციაზე ეს კატასტროფულად აისახება. ფიზიკისა და მეცნიერების კანონები შეუსაბამო იქნება და შესაბამისად, ვაჭრობაც შეუძლებელი გახდება. საშინელი არეულობა დაისადგურებს! საბედნიეროდ, ორი გამრავლებული ორზე ოთხია. არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტება და შესაძლოა მისი პოვნა და გაგება.

იმის გამოცხადება, რომ აბსოლუტური ჭეშმარიტება არ არსებობს, ალოგიკურია. მაგრამ, დღეს უამრავი ადამიანი მაინც იყენებს კულტურულ რელატივიზმს, რომელიც უარყოფს ნებისმიერი სახის აბსოლუტურ ჭეშმარიტებას. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამბობენ, „არ არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტება", კარგი კითხვაა: „აბსოლუტურად დარწმუნებული ხართ ამაში?" თუ დადებით პასუხს გაგცემენ, ისინი აბსოლუტურ განცხადებას გააკეთებენ, რომელიც თავისთავად ხაზს უსვამს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას.

შიდა წინააღმდეგობის გარდა, არსებობს რამდენიმე სხვა ლოგიკური პრობლემა, რომელიც უნდა გადაილახოს, რომ აბსოლუტური ჭეშმარიტების არსებობა დავიჯეროთ. ერთია ის, რომ ადამიანს აქვს შეუზღუდავი ცოდნა, მაგრამ შეზღუდული გონება და, ამასთან ერთად, შეუძლებელია გააკეთოს აბსოლუტურად უარყოფითი განცხადება. ლოგიკურად ადამიანი ვერ იტყვის „ღმერთი არ არსებობს" (მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ამბობს), რადგან, იმისთვის, რომ ეს განცხადება გაკეთდეს, ადამიანმა ყველაფერი უნდა იცოდეს სამყაროს შესახებ, დასაწყისიდან დასასრულამდე. ვინაიდან ეს შეუძლებელია, ერთადერთი, რაც შეიძლება ითქვას, არის: „ჩემი შეზღუდული ცოდნით, არ მწამს ღვთის არსებობისა".

აბსოლუტური, უნივერსალური ჭეშმარიტების უარყოფის კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ ის არ შეესაბამება ჩვენს ცოდნას, საკუთარ ცნობიერებაში, გამოცდილებაში და იმაში, რასაც რეალურ სამყაროში ვხედავთ. თუ არ არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტება, მაშინ არაფერია გადამწყვეტად სწორი და არასწორი. რაც შენთვის სწორია, ჩემთვის შეიძლება არასწორი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ტიპის რელატივიზმი ზედაპირულად მომხიბვლელია, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველას ექნება საკუთარი წესები და იფიქრებს, რომ რასაც აკეთებს, ყველაფერი სწორია. ერთი ადამიანის სისწორე გარდაუვალად შეეჯახება მეორისას. რა მოხდება, თუ ჩემთვის შუქნიშნის წითელი ფერი „არასწორია" და უყურადღებოდ დავტოვებ მას? უამრავი ადამიანის სიცოცხლეს შევუქმნი საფრთხეს. ან შესაძლოა ვიფიქრო, რომ რაღაცის მოპარვა სწორია, შენ კი ფიქრობდე, რომ არასწორია. ცალსახად, ჩვენი სწორი და არასწორი სტანდარტები დაუპირისპირდება ერთმანეთს. თუ არ არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტება, სწორი და არასწორი სტანდარტები, რომელსაც ყველა მივყვებით, მაშინ ვერაფერში ვიქნებით დარწმუნებული. ადამიანები იმას გააკეთებენ რაც მოუნდებათ — მკვლელობა, გაუპატიურება, ქურდობა, ტყუილი და ა. შ., და ვერავინ იტყვის, რომ ეს არასწორია. არ იქნება ხელისუფლება, წესები და სამართალი, რადგან იმის უფლებაც არ გვექნება, რომ უმრავლესობამ გაიმარჯვოს უმცირესობაზე. აბსოლუტიზმის გარეშე სამყარო საშინელი იქნებოდა.

სულიერი გადმოსახედიდან, ასეთი რელატივიზმი რელიგიურად დამაბნეველია, რადგან არსებობს ბევრი რელიგია და უფალთან ურთიერთობის სხვადასხვა გზა. ამრიგად, ყველა რელიგია არასწორია, რადგან აბსოლუტური აღიარება აქვთ იმქვეყნიურ ცხოვრებაზე. დღეს საკმაოდ გავრცელებულია რწმენა, რომ ორი სრულიად საპირისპირო რელიგია შეიძლება იყოს თანასწორად „ჭეშმარიტი", იმის მიუხედავად, აქვთ თუ არა ერთნაირი შეხედულება ზეცაზე, თუ სხვადასხვა „ჭეშმარიტებას" ქადაგებენ. ისინი, ვისაც არ სჯერა აბსოლუტური ჭეშმარიტებისა, უარყოფენ ამ აღიარებას და იყენებენ უფრო ტოლერანტულ უნივერსალიზმს, რომელიც ასწავლის, რომ ყველა რელიგია თანასწორია და ყველა გზა მიდის ზეცისკენ. ამ მსოფლმხედველობის მქონე ადამიანები უპირისპირდებიან სახარებისეულ ქრისტიანებს, რომელთაც სჯერათ ბიბლიისა, სადაც წერია, რომ იესო არის „გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე"; ის არის ჭეშმარიტების საბოლოო გამოვლინება და ერთადერთი გზა ზეცისკენ (იოანეს 14:6).

ტოლერანტობა გახდა პოსტმოდერნული საზოგადოების უპირატესობა, ერთი აბსოლუტი, და შესაბამისად, შეუმწყნარებლობა ბოროტებაა. ნებისმიერი დოგმატური რწმენა –განსაკუთრებით აბსოლუტური ჭეშმარიტება – ითვლება შეუმწყნარებლობად, მთავარ ცოდვად. ვინც აბსოლუტურ ჭეშმარიტებას უარმყოფელი ამბობს, რომ ნებისმიერი რამ შეგიძლია ირწმუნო, ოღონდ სხვას ნუ მოახვევ შენს შეხედულებებს. მაგრამ ეს შეხედულება თავისთავად არის სწორის და არასწორის გარჩევის რწმენა და ისინი, ვისაც ამის სწამთ, ხშირად, ცდილობენ სხვებიც გარიონ ამაში. ისინი აყალიბებენ ქცევის სტანდარტებს, შემდეგ ყველას სთხოვენ, რომ ამ სტანდარტებს მიჰყვნენ. ამგვარად, თავად არღვევენ იმას, რასაც ებრძვიან — თვითწინააღმდეგობრივი პოზიცია. ამ ადამიანებს უბრალოდ არ სურთ პასუხი აგონ თავიანთ ქმედებებზე. თუ არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტება, არსებობს აბსოლუტური სტანდარტებიც. სწორედ ეს ამ ანგარიშვალდებულებას გაურბიან, როდესაც აბსოლუტურ ჭეშმარიტებას უარყოფენ.

აბსოლუტური, უნივერსალური ჭეშმარიტების უარყოფა და კულტურული რელატივიზმი, რომელიც ამას მოსდევს, იმ საზოგადოების აზროვნების ლოგიკური შედეგია, რომელიც აღიარებს ევოლუციას, როგორც სიცოცხლის ახსნის თეორიას. თუ ბუნებრივი ევოლუციის თეორია მართალია, მაშინ ცხოვრებას არ ჰქონია აზრი, არ გვაქვს მიზანი და არ არსებობს აბსოლუტურად სწორი ან არასწორი. ადამიანი თავისუფალია საქციელში და არავისთან არის ანგარიშვალდებული საკუთარი ქმედებებისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ცოდვილი ადამიანი უარყოფს აბსოლუტური ჭეშმარიტების არსებობას, ისინი მაინც წარსდგებიან ღვთის სამსჯავროზე. ბიბლიაში ვკითხულობთ: „...იმიტომ, რომ ცხადია მათთვის, რაც ღმერთზე შეიძლება იცოდნენ, ვინაიდან ღმერთმა განუცხადა მათ. ვინაიდან მისი უხილავი, მისი მარადიული ძალა და ღვთაება სოფლის დასაბამიდან ქმნილებათა ხილვით შეიცნობა. ასე რომ, მათ პატიება არა აქვთ. რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმერთი, არც მადლობდნენ, არამედ ამაო გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული. თავიანთ თავს ბრძენს უწოდებენ და გამოსულელდნენ" (რომაელთა 1:19-22).

არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტების დამადასტურებელი? დიახ. პირველი, არსებობს ადამიანის სინდისი, რომელიც გვკარნახობს კარგსა და ცუდს. სწორედ სინდისი გვკარნახობს, რომ ცუდია ტანჯვა, შიმშილი, ძალადობა, ტკივილი და ბოროტება. ამით ვაცნობიერებთ, რომ სიყვარული, სულგრძელობა, თანადგომა და მშვიდობა არის ის დადებითი, რისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ. ეს უნივერსალური ჭეშმარიტებაა, ყველა კულტურასა და დროში. ადამიანის სინდისის როლს ბიბლია აღწერს რომაელთა 2:14-16-ში. „რადგან, როცა წარმართნი, რომელთაც რჯული არ გააჩნიათ, ბუნებით რჯულისმიერს აკეთებენ, თუმცა რჯული არა აქვთ, თავიანთი თავის რჯული არიან. ისინი აჩვენებენ, რომ რჯულის საქმე გულებში უწერიათ, რასაც მოწმობს მათი სინდისი და აზრები, ხან ბრალს რომ სდებენ ერთიმეორეს და ხან ამართლებენ, – იმ დღეს, როცა ჩემი სახარების მიხედვით ღმერთი განიკითხავს ადამიანთა დაფარულ ფიქრებს იესო ქრისტეს მიერ."

მეორე მტკიცებულება აბსოლუტური ჭეშმარიტებისა მეცნიერებაა. მეცნიერება ილტვის ცოდნისკენ, იკვლევს იმას, რაც სახეზე გვაქვს და მიზნად ისახავს ცოდნის გაღრმავებას. ამრიგად, ყველა მეცნიერული კვლევა, აუცილებლად ეფუძნება რწმენას, რომ არსებობს ობიექტური რეალობები და ამ რეალობების აღმოჩენა და დამტკიცება შესაძლებელია. რა იქნებოდა გამოსაკვლევი აბსოლუტიზმის გარეშე? საიდან უნდა ვიცოდეთ, რომ მეცნიერული აღმოჩენები რეალურია? სინამდვილეში, მეცნიერების ძირითადი კანონები აბსოლუტური ჭეშმარიტების არსებობით დასტურდება.

აბსოლუტური, უნივერსალური ჭეშმარიტების არსებობის მესამე მტკიცებულება არის რელიგია. მსოფლიოში ყველა რელიგია ცდილობს სიცოცხლეს არსში ჩაწვდომას. ისინი წარმოშვა ადამიანების სურვილმა, აღმოეჩინათ რაღაც, უბრალოდ არსებობაზე მეტი. რელიგიის მეშვეობით ადამიანი ეძებს უფალს, აქვს იმედი მომავლისა, ცოდვების მიტევებასა, მშვიდობასა ტანჯვისას და პასუხებისა უაღრესად ღრმა შეკითხვებზე. რელიგია არის იმის მტკიცებულება, რომ ადამიანი იმაზე მეტია, ვიდრე კარგად განვითარებული ცხოველი. ამას მივყავართ უმაღლესი მიზნის, პიროვნული და მიზანსწრაფული შემოქმედის არსებობის ფაქტამდე, რომელმაც ჩანერგა ადამიანში თავისკენ ლტოლვის სურვილი. თუკი მართლა არსებობს შემქმნელი, მაშინ ის არის აბსოლუტური ჭეშმარიტების სტანდარტი და იგი ამ ავტორიტეტით აფუძნებს ჭეშმარიტებას.

საბედნიეროდ, არსებობს შემოქმედი, რომელმაც ჭეშმარიტება გადმოგვცა თავისი სიტყვით, ბიბლიით. აბსოლუტური, უნივერსალური ჭეშმარიტების შეცნობა შესაძლებელია, მხოლოდ მასთან პირადი ურთიერთობით, რომელიც ამ ჭეშმარიტებას ამტკიცებს – ეს იესო ქრისტეა. იესო ამტკიცებდა, რომ თავად იყო ერთადერთი გზა, ერთადერთი ჭეშმარიტება და ერთადერთი სიცოცხლე, უფალთან მისასვლელად (იოანეს 14:6). აბსოლუტური ჭეშმარიტების არსებობის ფაქტს მივყავართ ჭეშმარიტებამდე – უზენაესი ღმერთი, რომელმაც შექმნა ცა და დედამიწა, რომელმაც გვიჩვენა საკუთარი თავი, რათა შევძლოთ მისი პირადად გაცნობა, მისი ძის, იესო ქრისტეს მეშვეობით. ეს არის აბსოლუტური ჭეშმარიტება.

English


დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე
არსებობს თუ არა აბსოლუტური, უნივერსალური ჭეშმარიტება?