ვინ არიან იეჰოვას მოწმეები და რა სწამთ მათ?


შეკითხვა: ვინ არიან იეჰოვას მოწმეები და რა სწამთ მათ?

პასუხი:
იეჰოვას მოწმეების სექტა სათავეს 1870 წელს იღებს, ბიბლიის შემსწავლელ კლასში, პენსილვანიაში, რომელსაც თეიზ რასელი ხელმძღვანელობდა.

რასელმა საკუთარ ჯგუფს დაარქვა „ბიბლიის სწავლება ათასწლეულის გარიჟრაჟზე", ხოლო საკუთარ მიმდევრებს „ბიბლიის სტუდენტებს" უწოდებდა. ჩარლზ ტ. რასელმა დაიწყო წიგნების სერიის გამოშვება – „ათასწლეულის გარიჟრაჟი" – რომელიც მისი სიკვდილის წინ ექვს ტომს მოიცავდა და, სადაც გადმოცემული იყო იეჰოვას მოწმეების თეოლოგიის დიდი ნაწილი. საგუშაგო კოშკის ბიბლია და გზის საზოგადოება 1886 წელს დაარსდა და ამის მეშვეობით „ათასწლეულის გარიჟრაჟის" მოძრაობამ საკუთარი სწავლების გავრცელება დაიწყო. ამ ჯგუფს რასელისტებსაც ეძახიან. 1916 წელს, რასელის სიკვდილის შემდეგ, მისმა მეგობარმა და მემკვიდრემ, მოსამართლე ჯ. ფ. რეზერფორდმა, „ათასწლეულის გარიჟრაჟის" მეშვიდე, უკანასკნელი ტომი „დასასრულის მისტერია" დაწერა და 1917 წელს გამოსცა. ამავე წელს ორგანიზაცია გაიყო და რეზერფორდის მიმდევრებმა „იეჰოვას მოწმეები" დაირქვეს.

რა სწამთ იეჰოვას მოწმეებს? ქრისტეს ღვთაებრიობის, სამების, სულიწმიდისა და გამოსყიდვის შესახებ მათი სარწმუნოებრივი პოზიციის ღრმა შესწავლის შემდეგ ცხადია, რომ ისინი ორთოდოქსალურ ქრისტიანულ პოზიციას არ იზიარებენ. იეჰოვას მოწმეებს სჯერათ, რომ იესო მიქაელ მთავარანგელოზია, უმაღლესი ქმნილება. ეს ეწინააღმდეგება წმინდა წერილს, რომელიც აშკარად ამბობს, რომ იესო ღმერთის ძეა (იოანეს 1:1,14, 8:58, 10:30). იეჰოვას მოწმეებს სჯერათ, რომ ხსნა შეიძლება რწმენის, საქმეების და მორჩილების ერთობლიობით. ესეც ეწინააღმდეგება წმინდა წერილის იმ მუხლებს, სადაც ხსნა მადლითაა რწმენის მეშვეობით (იოანეს 3:16; ეფესელთა 2:8-9; ტიტეს 3:5). იეჰოვას მოწმეები უარყოფენ სამებას, რადგან ჰგონიათ, რომ იესო შექმნილი არსებაა, ხოლო სულიწმიდა — ღმერთის უსულო ძალა. იეჰოვას მოწმეები უარყოფენ ქრისტეს სიკვდილს ჩვენი ცოდვებისათვის, თუმცა, სჯერათ გამოსყიდვის თეორიისა, რომლის მიხედვითაც იესოს სიკვდილი ადამის ცოდვის გამოსყიდვა იყო.

როგორ ამართლებენ იეჰოვას მოწმეები ამ არაბიბლიურ სწავლებებს? უპირველესად, ისინი ამტკიცებენ, რომ ეკლესია ბიბლიას საუკუნეების განმავლობაში ამახინჯებდა. შესაბამისად, მათ ხელახლა თარგმნეს ბიბლია და მას „ახალი ქვეყნიერების თარგმანი" უწოდეს. „საგუშაგო კოშკმა" და „გზის საზოგადოებამ" შეცვალეს ბიბლიის ტექსტი და მოარგეს საკუთარ ცრუ სწავლებას, არათუ დააფუძნეს იგი წმინდა წერილის ჭეშმარიტ სწავლებაზე. „ახალი ქვეყნიერების თარგმანი" უამრავჯერ გამოიცა, რადგანაც იეჰოვას მოწმეები პოულობენ ახალ-ახალ ნაწყვეტებს, რომლებიც მათ სწავლებას ეწინააღმდეგება.

„საგუშაგო კოშკი" საკუთარ დოქტრინას ჩარლზ თეიზ რასელის, მოსამართლე ჯოზეფ ფრანკლინ რეზერფორდისა და მათი მემკვიდრეების ორიგინალურ სწავლებებზე და მის ინტერპრეტაციებზე აფუძნებს. „საგუშაგო კოშკის" და „გზის საზოგადოების" ხელმძღვანელი საბჭო ერთადერთია სექტაში, რომელსაც აქვს პრეტენზია ბიბლიის ინტერპრეტაციაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რასაც ხელმძღვანელი საბჭო ამბობს წმინდა წერილის რომელიმე პასაჟთან დაკავშირებით, განიხილება, როგორც საბოლოო სიტყვა, ამის მიღმა, აკრძალულია დამოუკიდებელი აზროვნება. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება პავლეს დარიგებებს ტიმოთეს მიმართ (და ჩვენ მიმართაც): განსწავლა ღვთისთვის სათნო უნდა იყოს, რათა არ შევრცხვეთ ღვთის სიტყვის სწავლებისას. ეს დარიგება, რომელიც 2 ტიმოთეს 2:15-შია მოცემული, ღმერთის ცხადი გზავნილია თავისი ყოველი შვილის მიმართ, რომ დაემსგავსონ ბეროელ ქრისტიანებს, რომლებიც ყოველ დღე კითხულობენ წმინდა წერილს, რათა მათი სწავლება ესადაგებოდეს ღვთის სიტყვას.

ალბათ, თავისი რელიგიის გავრცელების საქმეში, იეჰოვას მოწმეები უბადლონი არიან. სამწუხაროდ, მათი უწყება სავსეა შეცდომებით, ტყუილითა და ცრუ სწავლებებით. დაე, ღმერთმა აუხილოს თვალი იეჰოვას მოწმეებს, რათა შეიცნონ სახარების ჭეშმარიტება და ღვთის სიტყვის ჭეშმარიტი სწავლება.

English


დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე
ვინ არიან იეჰოვას მოწმეები და რა სწამთ მათ?